კაროლ ნავროცკი - რუსეთის საქართველოზე თავდასხმისას ყველასთვის ნათელი არ იყო, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის დასაწყისი იყო, ისტორიის ქარი, რაც პოლონეთში კარგად ვიცით, ისევ იწყებს ქროლვას
კაროლ ნავროცკი - რუსეთის საქართველოზე თავდასხმისას ყველასთვის ნათელი არ იყო, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის დასაწყისი იყო, ისტორიის ქარი, რაც პოლონეთში კარგად ვიცით, ისევ იწყებს ქროლვას

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში მისი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრა რუსული იმპერიალიზმის მაგალითი იყო.

„როდესაც რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა, ყველასთვის ნათელი არ იყო, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო, სამწუხაროდ, ისტორიის ქარი, რომელიც პოლონეთში ასე კარგად ვიცით და გვესმის, ისევ იწყებს ქროლვას“, – განაცხადა ნავროცკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა შემთხვევითი არ ყოფილა.

„ათობით დრონმა მიზანმიმართულად დაარღვია ჩემი ქვეყნის საზღვრები. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს მოხდა იმ ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, – აღნიშნა ნავროცკიმ.

ნავროცკის თქმით, ინციდენტმა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აიძულა, ცეცხლი გაეხსნა მტრული ობიექტებისთვის.

„დარწმუნებული იყავით, ქალბატონებო და ბატონებო, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ პოლონეთი ყოველთვის ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას და მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია. რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ჩვენი საერთო მოვალეობა უნდა იყოს“, – აღნიშნა ნავროცკიმ.