კაროლ ნავროცკი - პოლონეთი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, იმედია, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას საერთო სიკეთისთვის
პოლონეთის ახალარჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი იმედით ელოდება უკრაინასთან პარტნიორობის გაგრძელებას და ორ ქვეყანას შორის ისტორიული საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ კაროლ ნავროცკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, პოლონეთი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ და არცერთ სხვა ქვეყანას არ ესმის ეს საფრთხე პოლონეთზე უკეთ.
„ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობა თქვენი შეტყობინებისთვის. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის გაგრძელებას. ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაყრდნობით. მჯერა, რომ ეს მოითხოვს არა მხოლოდ კარგ დიალოგს, არამედ ასევე დიდი ხნის ისტორიული საკითხების გადაჭრასაც. პოლონეთი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არცერთ სხვა ქვეყანას არ ესმის ეს საფრთხე ჩვენზე უკეთ და იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას საერთო სიკეთისთვის, მოუგვარებელი წარსული საკითხების დასარეგულირებლად და უსაფრთხო მომავლის ერთად აშენებისთვის“, – წერს ნავროცკი.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში პირველ ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა. მან მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა, რომელმაც 49.1 პროცენტი მიიღო.