კაროლ ნავროცკი – გუშინ ღამით პოლონეთის კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო ძალის გამოყენებით ხელში ჩაიგდეს, გამოვდივარ სამართლებრივი წესრიგის აღდგენის მოწოდებით

18:50, 31.10.2026

გუშინ ღამით პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა და კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო ძალის გამოყენებით ხელში ჩაიგდეს, — ამის შესახებ  პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ნავროცკი აცხადებს, ის სამართლებრივი წესრიგის აღდგენის ინიციატივით გამოდის და მთავრობის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალთან გაგზავნილ ძალებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, შიდა უსაფრთხოების საფრთხის გათვალისწინებით, საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება.

„კონსულტაციები გავმართე უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარესთან, ზბიგნევ კაპინსკისთან, რომელიც ასევე არ ცნობს კანონიერად საკონსტიტუციო ტრიბუნალში ძალაუფლების უზურპაციის მსურველი პირების ქმედებებს. მე გამოვდივარ სამართლებრივი წესრიგის აღდგენასა და მთავრობის მიერ იქ გაგზავნილი ძალების ტრიბუნალის შენობის დატოვების მოწოდებით. მე ხელი შევუწყვე საკონსტიტუციო ტრიბუნალში კანონიერად მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის, მოსამართლე ბარტლომეი სოჩანსკის შესვლას.

პოლონეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების საფრთხის გათვალისწინებით, დღეს ვიწვევ საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციას და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკონსტიტუციო ტრიბუნალში იმყოფება და პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დაცვას ცდილობს“, — ნათქვამია ნავროცკის განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

გუშინ ღამით პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.

ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.

მსგავსი