კარლ ჰარცელი - ვამაყობ, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით
კარლ ჰარცელი - ვამაყობ, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას ულოცავს. მისივე თქმით, ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტნიორები „კოვაქსის“ ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან.

როგორც ჰარცელი ამბობს, ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა  „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონთან ერთად, ვულოცავ საქართველოს, 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტნიორები „კოვაქსის“ ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ 2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით.

ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით. შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. ასევე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევებისა და ლოჯისტიკური მხარდაჭერით, რათა მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მიწოდება მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

პანდემიის დასაწყისიდანვე, ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვის, სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას. საქართველოსთვის გამოყოფილი ეს მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმედს გვისახავს. ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.