კარლ ჰარცელი - ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში ძალადობის ფაქტებს, მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება
კარლ ჰარცელი - ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში ძალადობის ფაქტებს, მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება

ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს, მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ოფისის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გუშინდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ელჩი თქმით, წუხს, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა.

„გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან. ნება მომეცით, გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება. არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.