კარლ ჰარცელი - უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ საარჩევნო კამპანიის დროსაც და არჩევნების შემდეგაც
კარლ ჰარცელი - უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ საარჩევნო კამპანიის დროსაც და არჩევნების შემდეგაც

უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ საარჩევნო კამპანიის დროსაც და არჩევნების შემდეგაც, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„რა თქმა უნდა, ეს ამოსავალი წერტილია, რომ ჯანმრთელობის საკითხები გავითვალისწინოთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც „კოვიდის“ საფთრხიდან გამომდინარე ადგილზე კეთდება, ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ჩემთვის აშკარაა, რომ რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგნენ ამ საკითხს. ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ უნდა იქნას მიღებული, რათა ამ საკითხებთან დაკავშირებით რამე სპეკულირება არ მოხდეს, რომ მათ არ იქონიონ რამე ნეგატიური ზეგავლენა რამე პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ანუ, თუ იქნება გამჭვირვალობა, იქნება კონსულტაციები მხარეებთან და მიღებული იქნება სათანადო, ფრთხილი ზომები, მგონი, ჩვენ შევძლებთ ნახვას, რამდენად სასურველი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეს ძალიან დიდი გამჭვირვალობით უნდა გაკეთდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჰარცელმა. 

ამ განცხადებით კარლ ჰარცელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად გამართლებულია რეგულაციები, რომლებიც ფაქტია, აუცილებელიც არის, მაგრამ შესაძლოა, პოლიტიკური სპეკულაციების საგანიც გახდეს და არჩევნების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენოს, რადგან შესაძლოა, კოვიდინფიცირებულ და კარანტინში მყოფ ადამიანებს არ ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იმ დროს, როცა ავიაკომპანიები ფრენებს ვერ ახორციელებენ და საქართველოში სხვა კომპეტენტური ადამიანები ვეღარ ჩამოდიან, უნდა ჩაერთოს თუ არა ევროკავშირი უფრო აქტიურად ასეთი საკითხების კონსულტაციებში, რომ ცესკო საბოლოოდ შეთანხმდეს, ექნებათ თუ არა ინფიცირებულ და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირი ასეთ საკითხებს ძალიან დიდ ყურადღებას დაუთმობს.

„თუ ჩვენ შეგვიძლია რამე რჩევის, დახმარების გაწევა, თუნდაც, კონსულტაციებისთვის რამე პლატფორმის უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით და ძალიან დიდი ინტერესი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს მიერ გადასაწყვეტი. თუ რამე სპეციალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა გაკეთდეს. მთავარი ეს არის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირს, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ძალიან კონკრეტული როლი აქვს.

„ჩვენ შეგვიძლია, ამ არჩევნებს ძალიან დიდი ყურადღება დავუთმოთ. რა თქმა უნდა, თუ იქნება სურვილი, რომ ჩვენ რამე პრაქტიკა გავუზიაროთ და რამე პლატფორმა უზრუნველვყოთ, მოხარული ვიქნებით, მაგრამ ჩვენ, როგორც ადგილობრივი ელჩები ამ არჩევნებს ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.