კარლ ჰარცელი - ქართული და ევროპული ღირებულებები არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობს
კარლ ჰარცელი - ქართული და ევროპული ღირებულებები არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობს

საქართველო არამხოლოდ ევროპის უძველესი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, ის არა მხოლოდ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის წინა ხაზზე იყო ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, რასაც 1921 წლის კონსტიტუციაც მოწმობს, არამედ ეს მემკვიდრეობა დღემდე ღრმად არის გამჯდარი ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს მთავრობისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნება მიბოძეთ, დავიწყო მადლიერების გამოხატვითა და მილოცვით ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ, რომლებმაც თუ უახლოესი ორი დღის გეგმას გადავხედავთ, მართლაც ძალიან საჭირო და აქტუალური თემატიკა შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ისაუბრებენ მომხსენებლები, რომლებიც გამორჩეულნი არიან სადისკუსიო თემებზე საუბრის გამოცდილებითა და მნიშვნელობით.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მის გამოწვევებზე, მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლისას, სადაც საქართველო თვითმფრინავს შევადარე, რომელიც მზად იყო ასაფრენად, როგორც კი საფრენი ბილიკი დაბრკოლებებისგან გაიწმინდებოდა.

დღესაც იმავეს ვიტყოდი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე. ყველა ეს დაბრკოლება შიდა წარმოების არ არის, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა​​.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება.

„საქართველო არა მხოლოდ ევროპის უძველესი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, ის არა მხოლოდ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის წინა ხაზზე იყო ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, რასაც 1921 წლის კონსტიტუციაც მოწმობს, არამედ ეს მემკვიდრეობა დღემდე ღრმად არის გამჯდარი ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებაში. და ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ერთია გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული პროევროპული სტრატეგიის ფორმულირება და სულ სხვაა ამ სულისკვეთების გამოხატვა საზოგადოების 80 პროცენტზე მეტის მხარდაჭერით.

როგორც ცნობილია, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს. და აქ მე სრულიად მყარად ვრჩები ჩემს მოსაზრებაზე, რომ – რა მცდელობებიც არ უნდა იყოს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის შესაძლო განსხვავებების ხაზგასასმელად, ისინი არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობს. ეს კი დამატებითი ძალაა.

გუშინ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით. ფაქტობრივად, ახლა საქართველოში ყველა დღე დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა, როგორც ვიცით, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა და არაფერი უნდა მივიღოთ, როგორც გარანტირებული მოცემულობა. ყოველდღიური შრომა საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის, საექსპორტო პოტენციალის, ტურისტული ინდუსტრიის, საგანმანათლებლო სისტემის, გარემოსა და ენერგეტიკული რესურსების, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისთვის წარმოადგენს იმ საქმიანობის ნაწილს, რომელშიც ყველა დღეს აქ შეკრებილი ადამიანი ვმონაწილეობთ. და სწორედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კვლავაც იყოს ძლიერი, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო, რისი სურვილიც ყველა ჩვენგანს აქვს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, დღევანდელი კონფერენციას განიხილავს, როგორც უდიდეს შესაძლებლობას საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებაზე სასაუბროდ.

„ამავდროულად, კონფერენცია ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებაა და მათი ნაწილი ევროკომისარმა დღევანდელ შეხვედრაზე უკვე ახსენა.

ვფიქრობ, კომისარმა ამომწურავად ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რა მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ხმის მისაწვდენად გადაწყვეტილების მიმღები პირების, რეგიონებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზოგადოებისგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც იცით, რამდენად ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას, რადგან თქვენც ეხმარებით ევროკავშირს იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებსაც საქართველოსთვის ჩვენი დახმარება და პოლიტიკის სფეროში კონსულტირება ითვალისწინებს“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

გამოსვლის დასასრულს ევროკავშირის ელჩმა ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.