კარლ ჰარცელი - პარტიებზეა დამოკიდებული, როგორ დაგეგმავენ საარჩევნო კამპანიებს, ეს არჩევნები ნამდვილად იძლევა შესაძლებლობებს
კარლ ჰარცელი - პარტიებზეა დამოკიდებული, როგორ დაგეგმავენ საარჩევნო კამპანიებს, ეს არჩევნები ნამდვილად იძლევა შესაძლებლობებს

შეიძლება, არ დავინახოთ ისეთი ცვლილება ნარატივში, ან რიტორიკაში, ეს უკვე პარტიების გადასაწყვეტია, მაგრამ ეს არჩევნები ნამდვილად იძლევა შესაძლებლობებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ისინი მუშაობდნენ ამ სისტემის შემუშავებაზე. ჩემთვის ეს არის აშკარა ნიშანი იმისა, რომ ყველა თვლის, რომ ეს არის ის სტრატეგიული მიმართულება, რომლითაც ქვეყანა უნდა განვითარდეს. საარჩევნო კამპანია როგორ ჩატარდება, ეს უკვე პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, როგორ დაგეგმავენ ამ კამპანიებს. შეიძლება, არ დავინახოთ ისეთი ცვლილება ნარატივში, ან რიტორიკაში. ეს უკვე პარტიების გადასაწყვეტია, მაგრამ ეს არჩევნები ნამდვილად იძლევა შესაძლებლობებს, შანსებს“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამ განცხადებით კარლ ჰარცელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მიაჩნია თუ არა, რომ თამაშის წესებს იზიარებს და პროპორციული სისტემის ლოგიკას მიჰყვება ორპულუსიანი სიტემის ორი პოლუსი, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, მისი პოლიტიკური ჯგუფი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მის ირგვლივ გაერთიანებული ხელისუფლების ცენტრი.

ჰარცელის თქმით, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ გააშუქებს საარჩევნო კამპანიას მედია.

„ეს იმაზეც არის დამოკიდებული, მედიასაშუალებები კამპანიების დროს გააშუქებენ საკითხებს და დღის წესრიგებს, თუ უფრო პიროვნებებს, სლოგანებს და სხვადასხვა მოწოდებას. ანუ, დიდი პასუხისმგებლობა მედიაზეც არის, თქვენზეც, ასე ვთქვათ, მედია მფლობელებზეც“, – განაცხადა ჰარცელმა.