კარლ ჰარცელი - მომავალი აღდგენის პერიოდი გვაძლევს შანსს, საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს, შეგიძლიათ, ამ წამოწყებაშიც იქონიოთ ევროკავშირის იმედი
კარლ ჰარცელი - მომავალი აღდგენის პერიოდი გვაძლევს შანსს, საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს, შეგიძლიათ, ამ წამოწყებაშიც იქონიოთ ევროკავშირის იმედი

საქართველოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება, – ამის შესახებ ნათქვამია გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი იმ წამოწყებაში, რომ გახდეს უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა.

„დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა. საქართველოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება.

COVID-19-მა ყველას შეუქმნა სირთულე და ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწრაფი სოციალური და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისკენ. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ფინანსური ინსტიტუტები („ევროპის გუნდი“) საქართველოს მხარში დაუდგებიან ამ პროცესში. ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობა მოაქვს და მომავალი აღდგენის პერიოდიც გვაძლევს შანსს, რომ საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს. შეგიძლიათ, ამ წამოწყებაშიც იქონიოთ ევროკავშირის იმედი, იმედი იმისა, რომ ერთად მივმართავთ ძალისხმევას, გვქონდეს უფრო სუფთა ჰაერი და წყლის რესურსი, შესაძლებელი იყოს ნარჩენების უკეთესად მართვა, იყოს მეტი ენერგოეფექტურობა და უკეთ დაცული ბიომრავალფეროვნება.

გარემოს დაცვაზე თუ ვისაუბრებთ, მთავარ „დაინტერესებულ პირებს“ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა წარმოადგენს. ახალგაზრდა თაობა კი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მაყურებლისა თუ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასიური მსმენელის როლში. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მოგიწოდოთ გახდეთ აუცილებელი ცვლილებების მომტანი მამოძრავებელი ძალა და მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მდგრადი ცხოვრების წესი. ჩვენ გვჭირდება თქვენი ჩართულობა უფრო მდგრადი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის მქონე საქართველოსთვის!“ – აღნიშნულია კარლ კარცელის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი