კარლ ჰარცელი - მივესალმები რეზოლუციას, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პრინციპული პოზიცია, სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს
მივესალმები რეზოლუციას, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პრინციპული პოზიცია, სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჰარცელმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას საბოლოოდ ექნება ფართო მხარდაჭერა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე სხვებისგან – იმის უზრუნველყოფა, რომ ჩენ არა მხოლოდ განცხადებებს ვაკეთებთ და ვიცავთ ჩვენს პრინციპებს, ასევე უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი მოქმედებები არის მომზადებული ჩვენი პრინციპების დასაცავად. ეს არის პრინციპები, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის.
რაც შეეხება რეზოლუციის კონტექსტს, მე მივესალმები ამ რეზოლუციას, როგორც ასეთს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამისი მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში.
რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ იქნება ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.