კარლ ჰარცელი - ხელისუფლება და ოპოზიცია მზად არიან, განსაზღვრული ნაბიჯები გადადგან და კომპრომისზე წავიდნენ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, ისინი მზად არიან, განსაზღვრული ნაბიჯები გადადგან და კომპრომისზე წავიდნენ.
„ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს. არსებობს იმის სხვადასხვა სცენარები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არაფერი არ არის გარანტირებული, მაგრამ შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. ეს წარმატება იქნება ნიშანი პარტნიორებისთვის, როგორც ევროკავშირში, ისე ატლანტიკის მიღმა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ცვლილებები, იმისდა მიუხედავად, რომ სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს და რჩება“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის ნაბიჯი, მოლაპარაკება თუ არ შედგება, ჰარცელმა აღნიშნა: „ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. ჯერ უნდა ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი. ცხოვრება გრძელდება, ჩვენ ვართ ახლა საარჩევნო წელიწადში, ძალიან დეტალურად ვაკვირდებით მოვლენებს“.
ხოლო საკითხთან დაკავშირებით, დააზიანებს თუ არა დემოკრატიას, შეთანხმება თუ არ შედგება, ჰარცელმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„პოზიტიურად შევხედავდი ამ შემთხვევას, რადგან ეს დიალოგი აძლევს ყველას იმის საშუალებას, რომ ეს აგრესიული მიდგომა შეიცვალოს უფრო პოზიტიურით; რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა და ლიდერშიპი, ხელმძღვანელობა არის მზად კომპრომისისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.