კარლ ჰარცელი  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰენრი კლუგეს შეხვდა
კარლ ჰარცელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰენრი კლუგეს შეხვდა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰანს ჰენრი კლუგეს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის ამჟამინდელი სტატუსის განხილვას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და პერსპექტივებს.

„მიმდინარე პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უზრუნველყოფილი პირდაპირი დახმარება წარმოადგენს. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისთვის ორ მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრენინგებით.

„უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად აგრეთვე განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს. ეს არ იქნება ადვილი, თუმცა სხვადასხვა არხების მეშვეობით აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიზისის დაძლევაში”, – განცხადა ჰარცელმა.

ჰენრი კლუგემ მადლობა გადუხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩს საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ რთულ დროს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა მიმართული. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მწვავე პერიოდში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა სოციალური ერთიანობის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“, – აღნიშნა ჰანს ჰენრი კლუგემ შეხვედრის შემდგომ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.

ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.