კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს და მჯერა, რომ ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში
კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს და მჯერა, რომ ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, საბურთალოს ოლქის მე-14 უბანზე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

კარლ ჰარცელის თქმით, იმედი აქვს, რომ დღეს ამომრჩევლები ხმის მიცემას შეძლებენ მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში.

„დღეს არჩევნების დღეა. ეს არის განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს არის დღე, როდესაც პოლიტიკოსები, კომენტატორები, აზრის შემქმნელები უნდა დუმდნენ და ამომრჩევლები გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს საარჩევნო ურნებთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და ბოლო 24 საათშიც ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლარიზაციის დონე რჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც სამწუხაროა. ერთ რამეზე ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, ეს არის ის, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მოსვლა და ხმის მიცემა. ასე რომ, იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც ჟურნალისტები შეძლებთ იყოთ უსაფრთხოდ და დაცულად თქვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მოუწოდა ხალხს, დაიცვას საარჩევნო უბნებზე კოვიდრეგულაციები.

„წელს კვლავ კოვიდის პერიოდია, უნდა შევახსენო ყველას, რომ დაიცვან აუცილებელი უსაფრთხოების ზომები საარჩევნო უბნებში და მათ გარეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველას ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იყოს დაცული. ასევე მოვუწოდებ ყველას, ვინც გადის ხმის მისაცემად, დაიცვან საკუთარი თავი სოციალური დისტანციისა და სხვა ზომების დაცვით. როგორც საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, იმედი მაქვს, ეს იქნება დღე, როდესაც დემოკრატია იმუშავებს ყველა მოქალაქის ინტერესისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მომავლისთვის, რომ დემოკრატიის ტესტი ჩაბარებული იყოს დამაჯერებლად. ხვალ ჩვენ მოვისმენთ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, მათ შორის ოდირისა და ევროპარლამენტარებისგან მათ შეხედულებებს, ვერდიქტს ამ კუთხით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.