კარლ ჰარცელი - გვჯერა, რომ მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობამ „კოვიდ-19“-ის კრიზისის პერიოდში უზარმაზარი სამუშაო გაწიეს, ჩვენ განვაგრძობთ მთავრობასთან მჭიდროდ მუშაობას
კარლ ჰარცელი - გვჯერა, რომ მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობამ „კოვიდ-19“-ის კრიზისის პერიოდში უზარმაზარი სამუშაო გაწიეს, ჩვენ განვაგრძობთ მთავრობასთან მჭიდროდ მუშაობას

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ლოპოტაზე პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წარმოამდგენლებთან გამართული შეხვედრის  შემდეგ აღნიშნა, რომ სასარგებლო დისკუსია მიმდინარეობს.

„ჩვენ ძალიან სასარგებლო დისკუსიის პროცესში ვართ. პირველ რიგში, ჩვენ ლოპოტაზე ჩამოსვლით გავხდით ადგილობრივი ტურიზმის პირველი ტალღა“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, დისკუსიები, რომელიც უკვე მიმდინარეობს და მომავალშიც გაიმართება, სერიოზულ საკითხებს ეხება.

„ეს ეხება „კოვიდ-19“-ის კრიზისთან გამკლავებას. ამოსავალი წერტილია, რომ როცა ჯანდაცვის ასპექტებზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ მთავრობამ და ასევე საქართველოს მოსახლეობამ, უზარმაზარი სამუშაო გაწია“,- განაცხადა ჰარცელმა.

თუმცა, მისივე განმარტებით, არსებობს რისკები, როგორც ჯანდაცვის ვითარების კუთხით, უფრო ფართო თვალსაზრისითაც – სოციალური ასპექტებისა და ეკონომიკური აღდგენის გზაზე კვლავ დასაყენებლად.

„მოხარული ვარ აქ ყოფნით ჩემს კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD), რადგან ჩვენ ამ კრიზისის განმავლობაში ვმუშაობთ ერთად, როგორც ევროპის გუნდი, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან. ამის შედეგია, რომ ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა შეძლო, გამორჩეული წვლილი შეეტანა ამ რთულ დროში. ჩვენ განვაგრძობთ მჭიდროდ მუშაობას აქ, საქართველოში. დისკუსია, რომელიც გვექნება, შეეხება ნასწავლ გაკვეთილებს, არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ იმასაც, თუ როგორ გაუმკლავდით სოციალურად და ფაქტობრივად, მოწყვლად ჯგუფებს.

როგორ გაუმკლავდით ადამიანის უფლებათა დაცვის ასპექტებს საგანგებო მდგომარეობის დროს. კიდევ ერთხელ მივესალმები, რომ მთავრობამ მოგვიწვია აქ ამ საკითხებზე შეხედულებების გასაცვლელად, რადგან ყველას სჭირდება გაკვეთილის სწავლა და ასევე, საქართველოს აქვს სხვებისთვის სასწავლი“,- განაცხადა ჰარცელმა.

რაც შეეხება საქართველოში პარლამენტის არჩევნების თარიღის შესაძლო შეცვლის საკითხს, ჰარცელი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება სპეკულაცია იქნება.

„აბსოლუტურად არ შემიძლია ამაზე დიდად კომენტარის გაკეთება, რადგან რამდენადაც ვიცი, ამაზე რაიმე განცხადება ჯერ არ მოგვისმენია და ამიტომ, ამ ეტაპზე სპეკულაცია იქნებოდა კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვის საკითხს, ეს გასათვალისწინებელია“,- აღნიშნა ჰარცელმა.