კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გასაცნობად კახეთში იმყოფება
კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გასაცნობად კახეთში იმყოფება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თელავში სმენისა და მეტყველების სახლს ესტუმრა, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება. ამასთან, ელჩმა სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი დაათვალიერა, სადაც ენერგოეფექტურობის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზამთრის პირობებში საბავშვო ბაღის შენობის გათბობა ვენახიდან შეგროვილი ნარჩენის, წალმის გამოყენებით განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ობიექტს, დაზოგოს ენერგომოხმარება 60 პროცენტით. ევროკავშირის დაფინანსებით წალმის შესაგროვებელად შესაბამისი ტექნიკა უკვე შეძენილია.

„კახეთი არის ერთ-ერთი იმ საფოკუსე რეგიონიდან, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში. უახლოეს პერიოდში უფრო მეტი აქტივობა განხორციელდება ამ რეგიონში. რეგიონს გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი. რაც შეეხება ამ საბავშვო ბაღთან დაკავშირებით ენერგოეფექტურობას, ამ ტრაქტორების საშუალებით შესაძლებელი იქნება საწვავის შეგროვება, რომელიც ზამთრის განმავლობაში გაათბობს ამ ბაღს. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულბით ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელობვანი პროექტი. კახეთში არის ბერვი ვენახი და ამის გამოყენებით იქნება გათბობა უზრუნველყოფილი. რაც ენერგომოხმარების კარგი ეკონომია იქნება“ -განაცხადა კარლ ჰარცელმა

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი კახეთში ორდღიანია. ევროკავშირის მიერ განხორცილებული პროექტების გასაცნობად ელჩი მოინახულებს ყვარლის ორ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, რომლებმაც ბიზნესის საწარმოებლად დახმარება მიიღეს, სოფლის მეურნეობის პროექტებს სოფელ თამარიანში, რომლებიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ნერგავენ, ასევე ტყეების კონსერვაციის ინიციატივას ლაგოდეხში.

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 160-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, ხოლო ყოველწლიურად გაწეული დახმარების მოცულობა 350 მილიონ ლარს აღემატება. ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური და კერძო სექტორის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობა, განათლება, საჯარო მმართველობა, მართლმსაჯულება, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და კულტურა.