კარლ ჰარცელი - ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, ეს მთავრობის დიდი მიღწევაა და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით ჩვენი მხრიდან
კარლ ჰარცელი - ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, ეს მთავრობის დიდი მიღწევაა და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით ჩვენი მხრიდან

ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებთან ონლაინშეხვედრის დროს განაცხადა.

„მე ამაყი ვარ, რომ პანდემიის დროს ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა. კრიზისის პირველივე დღეებიდან მოყოლებული ჩვენ დახმარების ხელი გავუწოდეთ საქართველოს და მთავრობასთან ერთად ვიმუშავეთ. ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ის საქართველოს ნამდვილი მეგობარია. მეგობარი, რომელიც, პირველ რიგში, გაჭირვებაში გეხმარება. მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული სანდო და ქმედითი ნაბიჯების გარეშე. ეს ეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისს და ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ მხარეს, სადაც ასევე კარგი სტარტი გვქონდა, რამაც მოგვცა საშუალება, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან ერთად, ძალიან სწრაფად გვეთანამშრომლომა მთავრობასთან, რათა შეგვემუშავებინა ეკონომიკის დახმარების პაკეტები“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰარცელის თქმით, საქართველოში ეპიდემიის დროს ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა და ეს კრიზისი სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. დიპლომატის თქმით, ბოლო ორ თვეში საქართველოს დახმარების სამი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ გახდა ცნობილი, რომელთაგან ორის საერთო მოცულობა 250 მილიონი ევროა.

„გუშინ ევროპულმა საბჭომ ასევე დაამტკიცა 150 მილიონი ევროს ოდენობით მიკროსაფინანსო დახმარება. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარით ეხმარება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ეს მთავრობის დიდი მიღწევაა და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ეს ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.