კარლ ჰარცელი - ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში, რაც უვიზო მიმოსვლის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ნაწილია
კარლ ჰარცელი - ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში, რაც უვიზო მიმოსვლის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ნაწილია

ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში, რაც უვიზო მიმოსვლის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა განიხილება.

„უვიზო მიმოსვლას დიდ წარმატებად ვაფასებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ 500 ათასმა ქართველმა ისარგებლა უვიზო მიმოსვლით და ეს შესანიშნავია. ეს კარგია ადამიანებს შორის კონტაქტისთვის, ბიზნესისთვის. ამავდროულად, გვაქვს პრობლემები დაუსაბუთებლად თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით, თავშესაფრის მაძიებელთა სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანები, რომლებიც გაურბიან ომს, კონფლიქტს ან დევნას. საქართველოს აპლიკანტების ძალიან მცირე რაოდენობა შეძლებს თავშესაფრის მიღებას. ზოგჯერ ეს პრობლემები კრიმინალურ ხასიათს ატარებს, ზოგჯერ სამედიცინო სერვისებთანაა დაკავშირებული, იმ გზით, რომლებიც არ შეესაბამება წესებს. მე პირადად, ძალიან აქტიურად ვმუშაობდი იმ წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებსაც ეს შეეხოთ“, – აცხადებს ჰარცელი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან მათი მუშაობა არის შესანიშნავი.

„ჩვენ ვხედავთ სურვილს, ერთგულებას, ამბიციას ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენ ვხედავთ, რომ  საქართველო ძლიერი პარტნიორია ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში იქნება, არის გამგზავრებამდე შემოწმება, რაც ვთვლი, რომ სისტემის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. განხილვა მოხდება პარლამენტში. ასევე ვმსჯელობთ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დახმარების საკითხზე, რომ ეფექტური შედეგი გვქონდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.