კარლ ჰარცელი - გვინდა ვნახოთ სამართლიანი, პოზიტიური დღის წესრიგის მქონე კამპანია და არჩევნები, ვფიქრობ, თამაშის ახალ წესებს, რომელმაც 8 მარტის შეთანხმებიდან აიღო სათავე, აქვს პოტენციალი, პოზიტიური როლი შეასრულოს
კარლ ჰარცელი - გვინდა ვნახოთ სამართლიანი, პოზიტიური დღის წესრიგის მქონე კამპანია და არჩევნები, ვფიქრობ, თამაშის ახალ წესებს, რომელმაც 8 მარტის შეთანხმებიდან აიღო სათავე, აქვს პოტენციალი, პოზიტიური როლი შეასრულოს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დარწმუნებულია, რუსეთი ოქტომბრის არჩევნებს თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს.

„ექნება თუ არა რაიმე გეგმა, რომ პროცესზე გავლენა იქონიოს და რა გზებით შეეცდება ამის გაკეთებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები არის პოლიტიკური გარემოსა და დემოკრატიულობის ტემპერატურის აღქმა და, რა თქმა უნდა, არჩევნები ამ მიმართუოლებით მნიშვნელოვანი საზომი იქნება“, – განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნების პროცესს.

„ჩვენ ვიცით, რისი ნახვაც გვინდა – ეს არის თავისუფალი და სამართლიანი, ნათელი და პოზიტიური, კონკრეტული თემატური დღის წესრიგის მქონე საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე. ვფიქრობ, რომ თამაშის ახალ წესებს, რომელმაც სათავე 8 მარტის შეთანხმებიდან აიღო, აქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ შეასრულოს პოზიტიური როლი პრობლემის ცვლილებაში, რასაც თუნდაც წარსულში ვხედავდით. ეს ასევე ნიშნავს, რომ ყველა უნდა ჩაეჭიდოს ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა ჰარცელმა და დასძინა, რომ მისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების საკითხი  ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რადგან მჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში, რომ გვქონდეს დამატებითი თვალები და ყურები, ვინც პროცესებს გარედან დააკვირდებიან და რომლებიც ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად იმუშავებენ. მსოფლიოში არსებულმა კოვიდ მდგომარეობამ გამოწვევები წარმოქმნა დამკვირვებლების მიმართულებითაც, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ეუთო/ოდირი იყოს წარმოდგენილი და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. ახალ საარჩევნო კოდექსსა და თამაშის ახალ წესებს თუ მივიღებთ მხედველობაში, ეს ცვლილებები მაინც პოზიტიურ გავლენას იქონიებს და დადებითი მიმართულებით შეცვლის ვითარებას. ვფიქრობ, პოლარიზაციის საკითხი პრობლემად არის აღქმული იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელს უშლის ამომრჩეველს, თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. აქ შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება პოზიტიურად იმოქმედებს შეხედულებების უფრო ფართო სპექტრის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ აქტორებზე და ასევე, რა თქმა უნდა, მედიაზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.