კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარში, რომელიც მან გააკეთა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი არ ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა.
ევროკავშირი გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.