კარლ ჰარცელი​​ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა, რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ
კარლ ჰარცელი​​ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა, რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ახლო პარტნიორის მიმართ ევროკავშირის ინტერესის ცხადი ნიშანია.

როგორც ჰარცელმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შარლ მიშელის დახვედრის ცერემონიაზე განაცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვალ ბევრი შეხვედრა აქვს დაგეგმილი და საუბარი შედგება ყველა მხარესთან.

„მოუთმენლად ველით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს. ეს არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა, რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ჩვენი ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ. ხვალ დატვირთული დღე იქნება, დაგეგმილია ბევრი შეხვედრა. რა თქმა უნდა, იქნება ყველა მხარესთან საუბრის ბევრი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, ხვალ ასევე შედგება თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ახალი შენობის ინაუგურაცია.

„მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება შარლ მიშელი და პრეზიდენტი ჰოიერი ევროპის საინვესტიციო ბანკიდან. უფრო მეტიც, ჩვენ მივემგზავრებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, სადაც პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე ნახოს ვითარება სამხრეთ ოსეთის მახლობლად. ბოლოს ჩვენ მოვინახულებთ ერთ-ერთ პროექტს, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. ეს პროექტი მოიცავს სოფლის მეურნეობის წარმოებას და მეღვინეობას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვია. შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს.

დატოვე კომენტარი