კარიერა | გენო პეტრიაშვილი – სამგზის მსოფლიო ჩემპიონი მეოთხე ტიტულისთვის [ვიდეო] #1TVSPORT
2-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების ორი წევრი, 61 და მძიმე წონით კატეგორიებში მოჭიდავეები – ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ოსლოში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში ჩავლენ და ორივე მათგანი ასპარეზს შეჯიბრის პირველსავე დღეს – 2 ოქტომბერს დაიწყებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მძიმე წონაში ვეღარ ვიხილავთ ოლიმპიადის ფინალში პეტრიაშვილის მეტოქე გეიბლ სტივსონს. აშშ-ს მის ნაცვლად ნიკოლას გვიაზდოვსკი წარადგენს. მძიმე წონაში ოქროს მედლისთვის ამჯერადაც იბრძოლებს მსოფლიოს 2-გზის, ევროპის 8-გზის და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ტაჰა აკგული (თურქეთი).
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის ლიდერს გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონატებზე 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.

2013-2015
2013 და 2015 წლებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ზედიზედ სამჯერ – 2017, 2018 და 2019 წლებში მან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში გაიმართა და 19 წლის გენო პეტრიაშვილმა პირველ შეხვედრაში ინდოელ ბენივალს 8:0 სძლია, მეორე პაექრობა რუმინელ ჩინტოანს 7:0 მოიგო, 1/2 ფინალი რუსეთის წარმომადგენელ, ლეგენდარულ ჰაჯიმურატ გაცალოვთან 2:3 დათმო და უკვე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩინელი დენგი 10:3 დაამარცხა.
2015 წელი. ლას ვეგასი. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის ანგარიშზე, ათწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ოქროს მედალი იყო და მაშინ იქ მსოფლიო ჩემპიონობა ნუგზარ სხირელის აღზრდილმა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა მოჭიდავემ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იზეიმა, გენო კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

2015 წელი
გენო პეტრიაშვილი-ჯარვისი (კანადა) 10:0
გენო პეტრიაშვილი-ზასიევი (უკრაინა) 16:8
გენო პეტრიაშვილი-ლაზარევი (ყაზახეთი) 16:12
გენო პეტრიაშვილი-მაგომედოვი (აზერბაიჯანი) 0:10
III ადგილისთვის
პეტრიაშვილი-ჩულუნბატი (მონღოლეთი) 11:0
2016 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ორ არაოლიმპიურ სახეობაში ჩატარდა.
2017 წელი. პარიზი
პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა პირველად მოიგო ოქროს მედალი.
1/2 ფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე ვადაზე ადრე 12:2 დაამარცხა.
ფინალში ქართველმა გოლიათმა ჭიდაობის გულშემატკივარს სრული ტრიუმფი შესთავაზა. გენომ თურქ ტაჰა აკგულის ბოლო წამებზე 10:8 სძლია.
https://youtu.be/7Hu0QFO-HFk

2018 წელი. ბუდაპეშტი
უნგრეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გენომ, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი.
https://youtu.be/hIf17YEd9do

2019 წელი, ნურსულთანი
ფინალში გენო პეტრიაშვილის მეტოქე ტაჰა აკგული იყო, რომელიც გადამწყვეტ პაექრობამდე ისე მივიდა, რომ ქულა არ დაუკარგავს. 6:6 ასეთი იყო შეხვედრის შედეგი და ბრძოლა გენოს სასარგებლოდ მომგებიანი ქულის წყალობით დასრულდა.
https://youtu.be/UV-gYCCFTTM

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანია. ევროპის ჩემპიონატებზე კი მას მოგებული აქვს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი ფალავანი არის ევროპის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი.
გენო პეტრიაშვილი კადეტებს, ახალგაზრდებს და 23 წლამდე ფალავანთა შორის არაერთი ტიტულის მფლობელია.