კარიერა | გენო პეტრიაშვილი - სამგზის მსოფლიო ჩემპიონი მეოთხე ტიტულისთვის [ვიდეო] #1TVSPORT
კარიერა | გენო პეტრიაშვილი - სამგზის მსოფლიო ჩემპიონი მეოთხე ტიტულისთვის [ვიდეო] #1TVSPORT

2-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ორი წევრი, 61 და მძიმე წონით კატეგორიებში მოჭიდავეები – ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ოსლოში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში ჩავლენ და ორივე მათგანი ასპარეზს შეჯიბრის პირველსავე დღეს – 2 ოქტომბერს დაიწყებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მძიმე წონაში ვეღარ ვიხილავთ ოლიმპიადის ფინალში პეტრიაშვილის მეტოქე გეიბლ სტივსონს. აშშ-ს მის ნაცვლად ნიკოლას გვიაზდოვსკი წარადგენს. მძიმე წონაში ოქროს მედლისთვის ამჯერადაც იბრძოლებს მსოფლიოს 2-გზის, ევროპის 8-გზის და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ტაჰა აკგული (თურქეთი).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის ლიდერს გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონატებზე 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.

 

2013-2015

2013 და 2015 წლებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ზედიზედ სამჯერ – 2017, 2018 და 2019 წლებში მან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში გაიმართა და 19 წლის გენო პეტრიაშვილმა პირველ შეხვედრაში ინდოელ ბენივალს 8:0 სძლია, მეორე პაექრობა რუმინელ ჩინტოანს 7:0 მოიგო, 1/2 ფინალი რუსეთის წარმომადგენელ, ლეგენდარულ ჰაჯიმურატ გაცალოვთან 2:3 დათმო და უკვე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩინელი დენგი 10:3 დაამარცხა.

2015 წელი. ლას ვეგასი. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის ანგარიშზე, ათწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ოქროს მედალი იყო და მაშინ იქ მსოფლიო ჩემპიონობა ნუგზარ სხირელის აღზრდილმა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა მოჭიდავემ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იზეიმა, გენო კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

2015 წელი

გენო პეტრიაშვილი-ჯარვისი (კანადა) 10:0

გენო პეტრიაშვილი-ზასიევი (უკრაინა) 16:8

გენო პეტრიაშვილი-ლაზარევი (ყაზახეთი) 16:12

გენო პეტრიაშვილი-მაგომედოვი (აზერბაიჯანი) 0:10

III ადგილისთვის

პეტრიაშვილი-ჩულუნბატი (მონღოლეთი) 11:0

2016 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ორ არაოლიმპიურ სახეობაში ჩატარდა.

 

2017 წელი. პარიზი

პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა პირველად მოიგო ოქროს მედალი.

1/2 ფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე ვადაზე ადრე 12:2 დაამარცხა.

ფინალში ქართველმა გოლიათმა ჭიდაობის გულშემატკივარს სრული ტრიუმფი შესთავაზა. გენომ თურქ ტაჰა აკგულის ბოლო წამებზე 10:8 სძლია.

 

2018 წელი. ბუდაპეშტი

უნგრეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გენომ, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი.

 

2019 წელი, ნურსულთანი

ფინალში გენო პეტრიაშვილის მეტოქე ტაჰა აკგული იყო, რომელიც გადამწყვეტ პაექრობამდე ისე მივიდა, რომ ქულა არ დაუკარგავს. 6:6 ასეთი იყო შეხვედრის შედეგი და ბრძოლა გენოს სასარგებლოდ მომგებიანი ქულის წყალობით დასრულდა.

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანია. ევროპის ჩემპიონატებზე კი მას მოგებული აქვს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი ფალავანი არის ევროპის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი.

გენო პეტრიაშვილი კადეტებს, ახალგაზრდებს და 23 წლამდე ფალავანთა შორის არაერთი ტიტულის მფლობელია.