კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა
კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა

კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ათიათასობით აქტივისტს ხუან გუაიდო უძღოდა. 

ლათინური ამერიკის სახელმწიფოს დროებითმა პრეზიდენტმა დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უზურპატორმა ნიკოლას მადურომ პოსტი აუცილებლად უნდა დატოვოს. 

ამასთან, დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც შევა. ხუან გუაიდოს განცხადებით, 300 ათასამდე ვენესუელელი დაიღუპება, თუ ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას არ მიიღებენ, ასევე მილიონამდე ადამიანს სამედიცინო მედიკამენტები ესაჭიროება. 

ჰუმანიტარული ტვირთის ქვეყანაში შეტანის სავარაუდო თარიღად გუაიდომ 23 თებერვალი დაასახელა.  

ცოტა ხნის წინ ნიკოლას მადურომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ახლა კოლუმბიასთან არსებულ საზღვართან არის გაჩერებული, ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებს. 

მადუროს განმარტებით, აღნიშნული გადაწვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების რეალური მიზნის გამო მიიღო. როგორც ნიკოლას მადურომ ინტერვიუში აღნიშნა, ამ გზით ვაშინგტონს ვენესუელაში ინტერვენციის გამართლება სურს.  

ვენესუელაში 2018 წლის მაისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ ქვეყნის ოპოზიციამ, შემდეგ კი მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ არალეგიტიმურად მიიჩნია. 2019 წლის 22 იანვარს ნიკოლას მადუროს ოპონენტმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას მხარდაჭერა მალევე გამოუცხადეს რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი აშშ იყო. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოც.