კარა მაკდონალდი - საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში
პუტინი არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდმა განაცხადა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე – „დიდება უკრაინას“. კარა მაკდონალდის განცხადებების თარგმანს საქართველოში აშშ-ის საელჩო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, – აღნიშნა კარა მაკდონალდმა კონფერენციაზე.
ამასთან, კარა მაკდონალდმა ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებითაც: „საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.