კაპიტოლიუმთან ორ სამართალდამცველს ავტომობილი დაეჯახა, ადგილზე ლოკდაუნი გამოცხადდა
კაპიტოლიუმთან ორ სამართალდამცველს ავტომობილი დაეჯახა, ადგილზე ლოკდაუნი გამოცხადდა

უსაფრთხოების მიზნით, კაპიტოლიუმის შენობა ჩაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულ ბარიერს ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი სამართალდამცველი დაშავდა.

„ბიბისის“ ცნობით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც ასევე დაშავდა და ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთან, როგორც ამერიკული მედია წერს, მომხდარის მოტივი უცნობია.

ინციდენტის გამო, ჩაიკეტა როგორც კონგრესის შენობაში შესასვლელი, ასევე მოძრაობა შეიზღუდა მიმდებარე ქუჩებზეც. კონგრესმენებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაფრთხილება დაეგზავნათ, სადაც კაპიტოლიუმის შენობასთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. მათ კი, ვინც შენობაშია, ურჩევენ, თავი აარიდონ ფანჯრებთან მიახლოებას. საქმეს უკვე იძიებს ფედერალური ბიურო, საქმის კურსშია გენერალური პროკურატურაც.