კაპადოკია: კლდის ჩამოშლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა
უბედური შემთხვევის ადგილი
ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ რეგიონ კაპადოკიაში, ვულკანური წარმოშობის დიდი კლდოვანი წარმონაქმნის ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
კლდის ნაწილი, რომელიც „ზღაპრული საკვამურების“ სახელით არის ცნობილი, კაპადოკიის „კორამის“ ზონაში ჩამოიშალა. სამედიცინო და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.
რეგიონის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის განცხადებით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. უბედური შემთხვევა ტურისტული ობიექტის შესასვლელთან, ავტოსადგომის სიახლოვეს მოხდა.

გუბერნატორის თქმით, მაშველები განაგრძობენ იმ პირთა ძებნას, რომლებიც, შესაძლოა, კლდის მასების ქვეშ იყვნენ მოყოლილი. დაღუპულ პირთა მოქალაქეობა ამ ეტაპზე ჯერ არ გასაჯაროებულა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, აკინ გურელმა განაცხადა, რომ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
ტელეკომპანია HaberTürk-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ წმენდს მძიმე ტექნიკა ტერიტორიას ჩამოშლილი კლდის უზარმაზარი ფრაგმენტებისგან.

ცენტრალურ თურქეთში მდებარე კაპადოკია იუნესკოს ნუსხაში შეტანილი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. იგი უნიკალური კლდოვანი წარმონაქმნებითა და უძველესი მიწისქვეშა ქალაქებით გამოირჩევა და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.