კანონპროექტის თანახმად, შენობა-ნაგებობის მოსაკრებლის გადამხდელებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტს განცხადებით მიმართონ და მოსაკრებლის განაწილვადება მოითხოვონ
შენობა-ნაგებობის მოსაკრებლის გადამხდელებს ისევ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტს განცხადებით მიმართონ და მოსაკრებლის განაწილვადება მოითხოვონ.
შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რათა მიმდინარე მშენებლობები დაუმთავრებელ სამშენებლო ობიექტებად არ გადაიქცეს და უზრუნველყოფილ იყოს მათი დროულად დასრულება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ, შეღავათის პარალელურად, იარსებებს დათქმა, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2028 წლის 31 დეკემბრამდე.
„მოქმედი კანონით დაშვებულია მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების შესაძლებლობა. ამ რეგულაციამ მშენებლებს უფლება მისცა, რომ შესაბამისი მშენებლობის ნებართვები ისე აეღოთ, ეს მოსაკრებელი (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის) ნებართვის გაცემისას არ გადაეხადათ და მათი გადახდის განაწილვადება მოეხდინათ. ეს ერთგვარი გადახდის გრაფიკის შეთავაზება იყო მუნიციპალიტეტისთვის. ასეთ შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებული იყო, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველეყო გარკვეულ პერიოდამდე. დღეს მოქმედი ჩანაწერით, ეს ვადა იყო არაუგვიანეს 2025 წლის 1-ელი იანვარი. შესაბამისად, იმ მოსაკრებლის გადამხდელთა მიმართ, რომლებმაც არ უზრუნველყვეს არც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება და არც სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის განკუთვნილი მოსაკრებლის გადახდა, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დადგა. პასუხისმგებლობა გამოიხატა იმაში, რომ ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის გამო სასამართლოში სამართალწარმოება დაიწყო, რასაც თან ახლავს შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. დღეის მდგომარეობით, დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით ათი პირია, ვის მიმართაც ეს ვალდებულებები არსებობს. დავის საგნის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7,2 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილია, ამ პირების მიმართ კვლავ იყოს გამოყენებული განაწილვადების ის ღონისძიება, რაც კანონით იყო განსაზღვრული. კერძოდ, მოსაკრებლის (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) განაწილვადების შესაძლებლობის გადავადება. ცხადია, ანალოგიური დათქმებით, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იყოს გარკვეულ პერიოდამდე. ამ შემთხვევაში 2028 წლის 31 დეკემბრამდე“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.