კანონმდებლობაში სხვა სახელმწიფოს შესაბამისი უწყების შუამდგომლობით ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება
ქართულ კანონმდებლობაში სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება.
აღნიშნულის შესახებ ცვლილებები „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” კანონში შედის, რომელიც პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის სახით წარედგინა.
ცვლილებებით, ჩამორთმეული ქონების აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის შესანახად გადაცემის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია, ჩამორთმეული ქონების განაწილების შესახებ მოლაპარაკებები იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან აწარმოოს, რომლის შუამდგომლობის საფუძველზეც მისი ჩამორთმევა მოხდა და ამ მიზნით ინდივიდუალური შეთანხმება გააფორმოს. იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფო ქონების გადანაწილებაზე უარს აცხადებს, ან მისი საერთო ღირებულება 40 000 ლარს არ აღემატება, ჩამორთმეული ქონების ამ სახელმწიფოსთვის განაწილება არ მოხდება და ქონება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში მიექცევა.
სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია ჩამორთმეული ქონების ნახევარის შესაბამისი სახელმწიფოსთვის გადაცემა, ხოლო დანარჩენის საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩამორთმეული ქონება ფულად თანხას არ წარმოადგენს, კანონპროექტი უცხო სახელმწიფოსთან ქონების გაყოფის უზრუნველსაყოფად მისი გასხვისების შესაძლებლობასაც იძლევა. მხარეთა შეთანხმებით, ჩამორთმეული ქონების სხვაგვარი განაწილებაც არ გამოირიცხება. ქონების გადანაწილების დროს, მხედველობაში მიიღება ქონების მესაკუთრეთა და იმ პირთა ინტერესებიც, რომელთაც დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგათ”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.