კანცლერის დაისი? თუ ბოლოს ყველაფერი მაინც კარგად იქნება?
კანცლერ ფრიდრიხ მერცის აჩრდილი მინისტრთა ფედერალური საბჭოს ყოველკვირეული შეხვედრის დროს. 2026 წლის 16 სექტემბერი
ფრიდრიხ მერცი ძლიერი ზეწოლის ქვეშ არის. კანცლერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მომავალ კვირას დაგეგმილი გამოსვლაც კი გააუქმა – მასთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ბერლინში მისი ყოფნა აუცილებელია. როგორც ჩანს, მერცი აპირებს, თანამდებობის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლოს. მოვლენების განვითარების სამი სცენარი განიხილება.
ფრიდრიხ მერცმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) აღმასრულებელი კომიტეტის წევრები 20 სექტემბრის საღამოს ბერლინში მიიწვია და შეუთვალა, რომ სასურველი იყო, შეხვედრას პირადად დასწრებოდნენ. ამ თავყრილობის დროს, ბერლინისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის ადგილობრივი არჩევნების ეგზიტპოლების პირველი შედეგები შემოვა და CDU-ს ხელმძღვანელობას, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეს, საშუალება ექნება გადაწყვიტოს, რა დასკვნები უნდა გაკეთდეს ამ შედეგებიდან და სამომავლოდ რა გზას უნდა დაადგეს. ანუ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მერცმა, რომელიც გამოკითხვების თანახმად, ყველაზე არაპოპულარულია კანცლერია მის წინამორბედებთან შედარებით, 20 სექტემბრის საღამოს მის მიმართ ნდობის საკითხი შიდაპარტიულ კენჭისყრაზე დააყენოს.
მერცი რომ თავდაცვით პოზიციაშია, ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. CDU-სა და ქრისტიან-სოციალურ კავშირში (CSU) ბევრს არ სჯერა, რომ მერცის წინამძღოლობით, სიტუაციაში გარდატეხის შეტანა ჯერ კიდევ შეიძლება. ეს სკეპტიციზმი სათავეს საქსონია-ანჰალტის მხარეში ახლახანს გამართულ არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ კანცლერის ქცევიდან იღებს. მიმართვამ, რომლითაც მერცი ამ არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ ბუნდესტაგში გამართული ზოგადი დებატების დროს გამოვიდა, ბევრ დეპუტატს გაუცრუა იმედი. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მერცის გამოსვლას პოზიტიური, მომავალზე ორიენტირებული ნარატივი აკლდა.
სცენარი 1: მერცი ყველაფერზე მიდის და… იმარჯვებს
თუმცა, არსებობს იმის ნიშნები, რომ მერცმა, შესაძლოა, შიდაპარტიულ შეკრებაზე ჩატარებულ ნდობის კენჭისყრას გაუძლოს. მის პოზიციას მხოლოდ ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში მოულოდნელად კარგი შედეგები კი არ გაამყარებს, არამედ სამომავლო ამოცანებიც კანცლერის სწრაფად შეცვლის იდეის წინააღმდეგ მეტყველებს. CSU-ს ლიდერმა, მარკუს ზიოდერმა ახლახან განაცხადა: „თუ ალტერნატივებს გადავავლებთ თვალს, ვინც არ უნდა ჩაენაცვლოს ახლა მერცს, ისიც თავდაპირველად იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება“. ამიტომ, კანცლერის პოსტის დაკავების შესაძლო პრეტენდენტებს იქნებ ის უფრო ურჩევიათ, რომ არაპოპულარული რეფორმების გატარების „პატივი“ მერცს ერგოს?
სწორედ ამიტომ, ბერლინისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნების არჩევნებში „საშუალო“ შედეგიც კი კანცლერის ავტომატურად დამხობას არ გამოიწვევს: თუნდაც იმიტომ, რომ არ არსებობს მერცის სასწრაფო წესით შემცვლელი, რომელიც მზად იქნება პოსტის დასაკავებლად. მართალია, თავად მარკუს ზიოდერი და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი, ჰენდრიკ ვიუსტი კანცლერობის სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან, მაგრამ ამ უკანასკნელისთვის ბრძოლაში ჩაბმა ჯერ ადრეა, რადგან გაზაფხულზე თავისი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მხარის არჩევნები ელოდება. ამასთან, ზიოდერისგან განსხვავებით, რომელიც ფედერალურ პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ თვალსაჩინო ფიგურაა, ვიუსტი, ამომრჩევლის თვალში, უფრო სამხრეთისა და აღმოსავლეთის წარმომადგენლად აღიქმება.
CDU-ს წარმომადგენელმა ფედერალური მიწების 8 პრემიერ-მინისტრი ახლახან საკადრო ცვლილებების შესახებ ყოველგვარი დისკუსიის დაწყების წინააღმდეგ გამოვიდა. მათი ერთობლივი განცხადება შეიძლება, სულ მცირე, ინტერპრეტირებულ იქნას როგორც იმის სიგნალი, რომ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს ცვლილებების შესახებ დისკუსიების გამართვა ამჟამად არ სურთ. პარტიული კოლეგების ამ განცხადებას მარკუს ზიოდერმაც დაუჭირა მხარი.
სცენარი 2: არჩევნების შემდეგ მერცი მაინც გადადგება
თუ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ბერლინისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში ისეთივე დრამატულ მარცხს იგემებს, როგორც ეს საქსონია-ანჰალტში მოხდა, კანცლერზე ზეწოლა, შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს. ეს იმის გამოც მოხდება, რომ მისი პერსონის მიმართ ნდობა, რომელსაც CDU-SPD-ის კოალიციასთან ერთად დაგეგმილი რეფორმების გატარება ხელეწიფება, სავარაუდოდ, უფრო შესუსტდება.
ამ შემთხვევაში, მერცს შეეძლება, საკუთარი ნებით გადადგეს და ამის შესახებ ფედერალურ პრეზიდენტს აცნობოს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ იქნება: 1963 წელს კონრად ადენაუერი გადადგა, 1966 წელს – ლუდვიგ ერჰარდი, ხოლო 1974 წელს – ვილი ბრანდტი. სამივე შემთხვევაში, ისინი თანაპარტიელებმა შეცვალეს, რომლებიც შემდეგ ბუნდესტაგმა კანცლერებად აირჩია.
CDU-სა და CSU-ს, შესაბამისად, ჯერ საერთო კანდიდატზე მოუწევდათ შეთანხმება, რომელსაც, კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად, SPD-ის მხარდაჭერაც დასჭირდება. ბუნდესტაგში CDU/CSU-სა და SPD-ს 12 ხმის „უპირატესობა“ აქვთ. ეს ვერსია წარმოუდგენლად ნამდვილად არ გამოიყურება, თუმცა საკმაოდ რთული გამოწვევა იქნება.
სცენარი 3: ახალი არჩევნები კანცლერობის ახალ კანდიდატთან ერთად
ჯერჯერობით არც საპენსიო რეფორმები, არც ბიუჯეტი და მისი თანმდევი საგადასახადო კანონმდებლობა საბოლოოდ არ არის შეთანხმებული. ახლახან SPD-ის რიგებიდან გაისმა მოწოდებები საპენსიო რეფორმების გადახედვის შესახებ, ხოლო CDU/CSU-ის პოლიტიკოსებმა, თავის მხრივ, ფედერალური ფინანსთა მინისტრის, ლარს კლინგბაილის (SPD) მიერ შეთავაზებული საგადასახადო კანონმდებლობა გააკრიტიკეს. CDU/CSU-SPD-ის კოალიციას ბიუჯეტის მიუღებლობამ შეიძლება მოუღოს ბოლო, ისე, როგორც ეს მანამდე, კოალიცია „შუქნიშნის“ შემთხვევაში მოხდა.
ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ახალი არჩევნები ჩატარდება, თუმცა ამის ინტერესი, დაბალი რეიტინგების გათვალისწინებით, არც მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს (Union) და არც SPD-ს არ შეიძლება ჰქონდეთ. ამ სცენარში, იმის ალბათობა, რომ ფრიდრიხ მერცმა კვლავ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა კანცლერობაზე, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ კოალიციის ნაადრევი დაშლის შემთხვევაშიც კი, CDU და CSU დადგებიან დილემის წინაშე, თუ ვინ უნდა ჩაანაცვლოს მერცი.
სტატიის ავტორი: ტიმ აბმანი, „ბავარიის რადიო“, (BR24 – Bayerischer Rundfunk)
ფოტოს ავტორი: ოდ ანდერსენი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი, 2026 წელი, 04:54 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)