კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტია იმარჯვებს
კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტია იმარჯვებს

კანადის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ლიბერალები იმარჯვებენ, თუმცა პრემიერი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. ხმების წინასწარი დათვლის მიხედვით, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის პარტიას 338 საარჩევნო ოლქიდან 170-ში სჭირდებოდა გამარჯვება, თუმცა შედეგები აჩვენებს, რომ ტრუდოს პარტია 158 ოლქში ლიდერობს. ლიბერალებს მთავრობის ფორმირებისთვის პარტნიორის მოძებნა მოუწევთ. ჯასტინ ტრუდოს მთავარი მეტოქე, კონსერვატორები კანადის 119 საარჩევნო ოლქში ლიდერობენ.

21 ოქტომბერს კანადაში თემთა პალატის არჩევნები ჩატარდა. „ბიბისი“ წერს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრის პოპულარობა რამდენიმე ფაქტორმა შეამცირა. კერძოდ, გარემოსდაცვითი მიმართულებით, „ტრანს მაუნთინის“ ნავთობსადენის გაფართოებისთვის მხარდაჭერამ, ფედერალური საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაშლამ.

გასულ თვეში, კანადის ეთიკურმა სადამკვირვებლო ჯგუფმა დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრმა ინტერესთა კონფლიქტის ფედერალური კანონი დაარღვია, როდესაც ყოფილ მინისტრზე ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას, კანადური საინჟინრო კომპანია „ესენსი-ლავალინის“ სისხლის სამართლის პროცესის დროს.