კანადაში ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს
კანადაში ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს

კანადაში ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ძლიერმა წვიმამ კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია, რის გამოც ავტომაგისტრალები და ქალაქები დაიტბორა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ მერიტში, სადაც ხელისუფლებამ 7 ათასზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა ქალაქ აგაზისთან მდებარე ავტომაგისტრალზე, ღვარცოფში მოყოლილი 300-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს ვერტმფრენების გამოყენებით, რომელთა შორის 70 ბავშვი იყო. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია ცხრა ადამიანი, რომლებიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი. ჯასტინ ტრიუდომ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას დაჰპირდა.