კანადამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვა გააუქმა
კანადამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვა გააუქმა

კანადის მთავრობის ინფორმაციით, კანადამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვა გააუქმა.

გადაწყვეტილების თანახმად, კანადიდან შესაძლებელი იქნება უკრაინაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარღის ექსპორტი. ამისათვის იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართონ ხელისუფლებას, რომელიც შეისწავლის, შეესაბამება თუ არა ეს ქვეყნის თავდაცვით და საგარეო პოლიტიკას.

კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

„ერთიანი ფრონტით ვაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – დაწერა პოროშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. მან მხარდაჭერისთვის კანადას და აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის 350 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ რუსეთში უკმაყოფილება გამოიწვია.

„ეს ნიშნავს, რომ კანადა საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას უკრაინელი ძალოვნების ქმედებებზე, რომლების კანადელმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს და რომლებიც კანადური იარაღით არიან აღჭურვილები. თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს ნიშნავს, რომ კანადა პირდაპირ გამოდის მინსკის შეთანხმებების წინააღმდეგ“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა.

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იური შვიტკინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენოს.