კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორში მომუშავე კომპანიებს სანქციებს უწესებს
კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორში მომუშავე კომპანიებს სანქციებს უწესებს და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე საპასუხოდ დამატებითი ზომების მიღებას განიხილავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანადის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანადის მთავრობის განცხადებით, სანქციები უწესდება რუსეთის თავდაცვის სექტორში მომუშავე 33 კომპანიას რუსეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის.
„ეს კომპანიები პირდაპირ ან ირიბად უჭერდნენ მხარს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და შესაბამისად, არიან უკრაინაში ვლადიმერ პუტინის უაზრო ომის შედეგად წარმოქმნილი ტკივილისა და ტანჯვის თანამონაწილეები. კანადა განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს, საერთაშორისო პარტნიორებთან ქმედებების კოორდინირებას და ახალი ზომებისთვის ვარიანტების შესწავლას“, – ნათქვამია კანადის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
24 თებერვლის შემდეგ კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის 700-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.