კამალა ჰარისი - პირველი ქალი ვარ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ ბოლო არ ვიქნები, ყველა პატარა გოგონა ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა
მართალია, პირველი ქალი ვარ ამ თანამდებობაზე, მაგრამ ბოლო არ ვიქნები, რადგან ყველა პატარა გოგონა, რომელიც დღეს მიყურებს, ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა ვილმინგტონში, არჩევნების შემდეგ პირველი მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანას ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი სქესისა, ნათელი გზავნილი აქვს – იოცნებეთ ამბიციურად, წინ იარეთ საკუთარი თავის რწმენით და ისე დაინახეთ საკუთარი თავი, როგორც შეიძლება სხვამ ვერ დაგინახოთ, რადგან მათ ეს უბრალოდ აქამდე არ უნახავთ. მაგრამ იცოდეთ, ჩვენ თქვენს ყოველ ნაბიჯზე ტაშს დაგიკრავთ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
ჰარისმა მიმართვისას საკუთარ დედაზეც ისაუბრა, რომელიც 19 წლის ასაკში ინდოეთიდან აშშ-ში ჩავიდა.
„როდესაც დედაჩემი აქ ჩამოვიდა, ალბათ ეს მომენტი არ წარმოედგინა, თუმცა სჯეროდა იმ ამერიკის, სადაც ასეთი რამ შესაძლებელია. მე ვფიქრობ მასზე და ქალების თაობებზე, შავკანიან, აზიელ, თეთრ, ლათინოამერიკელ და ინდიელ ქალებზე, რომლებმაც ჩვენი ისტორიის განმავლობაში გზა გაგვიკვალეს დღევანდელ საღამომდე; ქალებზე, რომლებმაც ძალიან ბევრი შესწირეს თანასწორობას, თავისუფლებასა და უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობას. მათ შორის შავაკანიანმა ქალებმა, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან, თუმცა გვარწმუნებენ, რომ ისინი ჩვენი დემოკრატიისთვის საყრდენები არიან.
დღეს მე მათ გამოწვევებზე, მიზანმიმართულობასა და მათი ხედვის სიძლიერეზე ვფიქრობ, რათა გავიაზრო, თუ რა შეიძლება, შევცვალოთ იმით, რაც უკვე მოხდა. მე მათ მხრებზე ვდგავარ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტად მისი დასახელება ძალიან კარგად მეტყველებს ჯო ბაიდენის პიროვნებაზე, რომელსაც ეყო გამბედაობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი გადაელახა და საკუთარ ვიცე-პრეზიდენტად ქალი აერჩია.