კალიფორნიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდზე 21 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 19 შტატში. ამის შესახებ თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა. ის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.
ამასთან, მაიკ პენსის განცხადებით, კალიფორნიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ხომალდ „გრანდ პრინცესის“ ბორტზე მყოფ პირებს შორის კორონავირუსით ინფიცირება 21-ს დაუდასტურდა. მედიის ცნობით, მათ შორის, ეკიპაჟის 19 წევრი და ორი მგზავრია. სულ კვლევა ბორტზე მყოფთაგან 49 ადამიანს ჩაუტარდა.
აშშ-ის ტერიტორიაზე დაავადებულთა რაოდენობა 200-ს აღემატება.
კორონავირუსის ახალ ტიპს მსოფლიოში 3 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაავადდა 100 ათასზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა.