კალიფორნიაში, ვეტერანთა სახლში სამი მძევალი მოკლეს
კალიფორნიაში, ვეტერანთა სახლში სამი მძევალი მოკლეს

კალიფორნიის ქალაქ იონთვილის ვეტერანთა სახლში სამი მძევალი მოკლეს. გარდაცვლილია ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი, თუმცა ჯერ დაუდგენელია, იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

თავდასხმა ვეტერანთა სახლზე 9 მარტს, ადგილობრივი დროით, დილის საათებში განხორციელდა.

შეიარაღებული მამაკაცი შენობაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მოგვიანებით მან მათი ნაწილი გაათავისუფლა.

რვა საათის განმავლობაში პოლიცია თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს ცდილობდა, თუმცა მამაკაცთან კონტაქტი ვერ დაამყარა და მისი მოთხოვნები ვერ გაიგო.

სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მათ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს, თუმცა მის სახელს არ ასაჯაროებენ.

როგორც ამერიკული მედია წერს, ის ერაყისა და ავღანეთის ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამის მონაწილეა. 36 წლის მამაკაცი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ორი კვირის წინ გაწერეს.

გარდაცვლილი მძევლები ვეტერანთა სახლის თანამშრომლები არიან.

იონთვილის ვეტერანთა ცენტრი აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესია. იქ მეორე მსოფლიო ომის, ასევე ვიეტნამისა და ერაყის ომების 1100-მდე მონაწილე ცხოვრობს.