კალიფორნიაში ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ღვინის გამოძახილის“ პრემიერა გაიმართა
ამერიკული მედიაპლატფორმის, SOMM TV-ის მიერ ქართულ ღვინოზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, „ღვინის გამოძახილის“ პრემიერა აშშ-ის კალიფორნიის შტატში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ მეღვინეობის რეგიონში, ნაპა ველში, ისტორიულ კინოთეატრში, Cameo Cinema-ში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პრემიერა კომპანიების, Parsons Fine Imports-ისა და SOMM TV-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა.
„ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ღონისძიების სტუმრებს ფილმის შექმნის პროცესთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები გაუზიარეს.
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ღვინის გამოძახილი“ (Echoes of Wine) SOMM TV-ის პლატფორმაზე 1 ივლისიდან არის ხელმისაწვდომი. ფილმი მაყურებელს აცნობს საქართველოს უნიკალურ ბუნებას, ვენახებს, ქართული ღვინის კულტურას და ახალგაზრდა თაობის მეღვინეების საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრის ღვინის დამზადების უძველეს ტექნოლოგიასა და ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას.
საქართველოს, როგორც მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის წარმოჩენა SOMM TV-ზე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ზრდას ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე.
ფილმის შექმნის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, SOMM TV-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ჯგუფის წევრები 8 მაისს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. ასევე, ეწვივნენ კახეთსა და ქართლში მდებარე ქართული ღვინის მარნებს, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ღვინის კულტურას გაეცნენ.
SOMM TV საერთაშორისო ციფრული მედიაპლატფორმაა, რომელიც ღვინოს, გასტრონომიას, მოგზაურობასა და ცხოვრების სტილს ეძღვნება. პლატფორმა ამერიკელმა სომელიეებმა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს. SOMM TV ცნობილია მაღალი ხარისხის დოკუმენტური ფილმებით, სერიალებითა და ღვინის სამყაროს შესახებ საგანმანათლებლო კონტენტით. პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია დოკუმენტური ფილმების სერია „SOMM“-ი, რომელმაც აღიარება მოიპოვა როგორც პროფესიონალ სომელიეებს, ისე ღვინის მოყვარულებს შორის“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.