„კალჩომერკატო“ „საბურთალოს“ პრეზიდენტს სუპერლიგაზე ელაპარაკა - უეფა ქართული ფეხბურთისთვის ბევრს აკეთებს #1TVSPORT
„კალჩომერკატო“ „საბურთალოს“ პრეზიდენტს სუპერლიგაზე ელაპარაკა - უეფა ქართული ფეხბურთისთვის ბევრს აკეთებს #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემა calciomercato-მ ​„საბურთალოს“ პრეზიდენტს და საქართველოს სპორტის ყოფილ მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა. მან სუპერლიგის, უეფა-სა და ანიელის შესახებ ილაპარაკა. აშკარაა, ქართული კლუბის ხელმძღვანელის პოზიცია მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ ქვეყნები, რომლებიც საფეხბურთო გრანდებს არ განეკუთვნებიან.

„ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია და ინოვაცია თანაბრად ყველაზე ვრცელდება. უეფა სწორად მოიქცა, რომ ამ პროექტის შეჩერება გადაწყვიტა. ბოლო ათი წლის განმავლობაში უეფა და ფიფა მუშაობდნენ ფეხბურთის პოპულარიზაციაზე. მე ვიყავი საქართველოს სპორტის მინისტრი და როგორც კი აირჩიეს, ჩეფერინი თბილისში გვეწვია.

ზოგადად, სპორტისა და ფეხბურთის განვითარების შესახებ მისი იდეები განსხვავდება სუპერლიგის 12 გუნდის ხელმძღვანელობის შეხედულებისგან. მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და მადრიდის „რეალისა“ და „იუვენტუსის“ პრეზიდენტებს ვესაუბროთ. „კოვიდ-19“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, მაგრამ უეფა განავითარებს ხარისხიან პროექტებს, მაგალითად, კონფერენციის ლიგას. ამ 12 კლუბს სუპერლიგის ქვეშ გაერთიანება არ სჭირდება. ჩემპიონთა ლიგაც კი თავიდანვე ევოლუციური იყო და სუპერლიგის კლუბებმა, უეფა-სთან ერთად, ფეხბურთის განვითარებაზე ერთად უნდა იმუშაონ.

მეტი პოპულარიზაცია ნიშნავს, რომ დონე უფრო მაღალი იქნება, უეფა ეხმარება ყველა გუნდს. მოდით მოვუსმინოთ სუპერლიგის 12 კლუბს, რომ რაც შეიძლება მეტი დეტალი მივიღოთ და განუმარტონ უეფა-სა და ფიფა-ს, რომ გამოსავალი იპოვონ. ლიდერებმა და ფეხბურთელებმა, მათ შორის, ხსენებული გუნდების წარმომადგენლებმაც, უარყოფითი აზრი გამოთქვეს სუპერლიგის შესახებ. მჯერა, პრეზიდენტები გამოსავალს იპოვიან“, – ამბობს ხეჩიკაშვილი.

მან „იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის შესახებაც ილაპარაკა:

ანიელი ძალიან კარგი ადამიანი და კარგი პრეზიდენტია. კალჩოპოლის ინციდენტის შემდეგ, მან „იუვენტუსში“ დადებითი როლი ითამაშა. ეს გუნდი მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. „იუვენტუსი“ ყოველთვის იყო მაღალი დონის კლუბი, საოცარი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან პაოლო როსი, პლატინი, ზიდანი. თუმცა სუპერლიგასთან დაკავშირებით, ვემხრობი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უეფა-მ მიიღო და მიიღებს“.

„საბურთალოს“ პრეზიდენტის თქმით, უეფა ქართულ ფეხბურთს კონფერენციის ლიგის დაარსებითაც დაეხმარა:

„ბოლო წლებში „საბურთალომ“ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი. კონფერენციათა ლიგა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი დონის სხვა ევროპულ კლუბებს შევეჯიბროთ. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, უეფა და ფიფა კონკურენციის ხელშესაწყობად მუშაობენ. ვითარდება ქართული ფეხბურთიც. ჩვენი მთავრობა, ფედერაცია და უეფა დასახული მიზნების მისაღწევად ერთად მუშაობენ“.

კითხვაზე – „თქვენი მიზანი რუსეთისა და უკრაინის დონეზე განვითარებაა?“ – ხეჩიკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოში ინტერესი სხვაა:

„საქართველოში 19-20 წლის ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რაც საშუალებას გვაძლევს ამ ასაკში თანაბარი კონკურენცია გავუწიოთ საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებს. რუსეთისა და უკრაინის მოდელები – ეს წარსულის ისტორიული და გეოგრაფიული საკითხებია. რაც საქართველოში გვაკლია, ეს კერძო მესაკუთრეთა ქონებაა, რომლებიც კლუბებში ინვესტიციას ახორციელებენ. საჭიროა შეიქმნას ახალი კულტურა. „საბურთალოს“ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაღალი დონის ისეთ გუნდთან, როგორიცაა მადრიდის „ატლეტიკო“. წლების განმავლობაში კავშირი მქონდა ასევე იტალიურ „ვერონასთან“, რომელიც ტურნირზე გვესტუმრა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მომავალში გაგრძელდება და განვითარების უფრო მაღალ საფეხურს მივაღწევთ“.

დატოვე კომენტარი