კალათბურთი | ვეტერანთა ბრინჯაო საბერძნეთიდან #1TVSPORT

21:01, 14.07.2026

თუ აქამდე ვეტერანთა ტურნირები ძირითადად კერძო კომპანიების ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდებოდა, ახლა საქმის ხელმძღვანელობა უშუალოდ მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ — FIBA-მ გადაიბარა და პირველი ოფიციალური ტურნირი სახელწოდებით FIBA MASTERS OPEN 2026 გამართა.

საბერძნეთში, ქალაქ ქსილოკასტროს მარინაში, კორინთოს ყურის სანაპიროზე, FIBA-ს ოთხივე რეგიონის 28 ქვეყნიდან 100-ზე მეტი გუნდი და 1000-ზე მეტი კალათბურთელი შეიკრიბა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო შერეული ტიპის ჩემპიონატი, სადაც ერთმანეთის გვერდით ასპარეზობდნენ როგორც ქვეყნის სახელით გამოსული გუნდები, ისე ცალკეული კლუბები.

იმ 40+ ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა, სულ 6 ქვეყნის 12 გუნდი მონაწილეობდა. ქვეყნის სახელით 3 გუნდი გამოდიოდა — საქართველო, გერმანია და ირლანდია. მათ გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ იტალიური და ესპანური კლუბები, ასევე მასპინძელი საბერძნეთის ექვსი ადგილობრივი გუნდი.

საქართველოს ღირსებას კალათბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ვეტერანები იცავდნენ:

ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, დავით ბარბაქაძე, ვახტანგ მინაშვილი, ირაკლი შანიძე, ზუკა ბადრიძე, დავით არწივიძე, ირაკლი დოლიძე, ვახტანგ გოგუაძე, მამუკა ჩხაიძე და ზურა პაპასკირი. გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ პაატა გურასპაული, ნოდარ ქორქია და ვაჟა კვარაცხელია – მისი ასისტენტები.

ჯგუფური ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა ორივე ბერძნული კლუბი უშანსოდ დაამარცხა:

საქართველო-ქსილოსტარს (საბერძნეთი) 103:60

კოსმოტი (საბერძნეთი)-საქართველო 63:104

1/4-ფინალში საქართველოს მეტოქედ კიდევ ერთი ბერძნული გუნდი — „გრიკ მასტერსი“ ერგო. ქართველმა კალათბურთელებმა 106:73 გამარჯვეს.

ნახევარფინალში დრამატული ბრძოლა გაიმართა მომავალ ჩემპიონთან. საქართველო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ გერმანიის ნაკრებს შეხვდა. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, გერმანელებმა მცირე უპირატესობით იმარჯვეს – 63:59.

გერმანიამ მოგვიანებით ფინალში იტალიური „იტალია გოლდენი“ 69:66 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

მე-3 ადგილისთვის მატჩში, საქართველო მასპინძელ „კორნთიანს“ დაუპირისპირდა. უშეღავათო და ემოციურ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა 65:63 იმარჯვა და FIBA-ს ისტორიაში პირველი Masters Open-ის ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

მსგავსი