კალათბურთი | თსუ ფიბა-ევროპის თასზე მეორე მატჩს გამართავს #1TVSPORT
დღეს ფიბა-ევროპის თასზე მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ევროტურნირების დებიუტანტი თსუ თბილისში კვიპროსის „კერავნოსს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 20 საათზე „თბილისი არენაზე“ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, საიდანაც სწორედ ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.
I ჯგუფში თამაშობენ: თსუ (საქართველო), „კერავნოსი“ (კვიპროსი), „გოტინგენი“ (გერმანია) და „ვარეზე“ (იტალია).
პირველ ტურში „კერავნოსი“ შინ 80:95 დამარცხდა „ვარეზესთან“, ხოლო „გოტინგენმა“ გერმანიაში ბოლო წამებზე მოუგო თსუ-ს – 86:81.
გოტინგენური მატჩის შემდეგ თბილისური გუნდის შემადგენლობაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება – დაემატება გიორგი ცინცაძე და რატი ანდრონიკაშვილი. საქართველოს ნაკრების ეს ორი კალათბურთელი თსუ-ს გერმანიაში ვერ დაეხმარა. რატი ახალი დამატებული იყო, ხოლო გიორგი გუნდს ტრავმის გამო ვერ გაჰყვა გერმანიაში.
რაც შეეხება „კერავნოსს“ გუნდი მთლიანად დამოკიდებულია ამერიკელ ლეგიონერებზე. პირველ მატჩში 80-დან 57 ქულა ოთხი ამერიკელის ანგარიშზე იყო. გუნდის მწვრთნელია ევროპის ჩემპიონი (2005) საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში მიხალის კაკიუზისი.
Super Survey