კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ სეზონი ვერცხლის მედლით დაასრულა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ საკლუბო სეზონი დაასრულა. მისი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში „ვალენსიასთან“ 1:3 დამარცხდა.
მიმდინარე სეზონში პედრო მარტინესს მეტად კარგი გუნდი ჰყავდა და ჩემპიონობაც დაიმსახურა. „ვალენსიაში“ კაშკაშა ვარსკვლავები არ თამაშობდნენ, თუმცა მეტად შეკრული გუნდი იყო. ვალენსიელებმა ფინალურ სერიაში მხოლოდ პირველი მატჩი წააგეს, მომდევნო სამ შეხვედრაში კი „ბარსას“ აჯობეს, მათ შორის, ორჯერ კატალონიაში.
გადამწყვეტი, მეოთხე შეხვედრა ბარსელონაში ჩატარდა და ვალენსიელთა გამარჯვებით დასრულდა – 108:84.
თორნიკე შენგელიამ 30 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.მისმა თანაგუნდელმა კევინ პანტერმა 26 ქულა ჩააგდო. „ვალენსიას“ კი ჟან მონტერომ ულიდერა – 23 ქულა.
თორნიკე შენგელია ესპანეთიდან შეუერთდება საქართველოს ნაკრებს, რომელიც საწვრთნელ შეკრებას ლატვიაში გადის.