კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
რუმინეთში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გრძელდება. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ რუმინეთს შეხვდა და 76:86 დამარცხდა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ალბანეთი დაამარცხა, ხოლო რუმინეთმა ესტონეთთან გაიმარჯვა.
შეხვედრა რუმინელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 23:17 მოიგეს, მეორე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა სათამაშო ხარისხი გამოასწორეს, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედში უპირატესობა კვლავ მეტოქის მხარეს გადავიდა.
საქართველოს შემადგენლობაში საუკეთესო 17 ქულით გიორგი სულაბერიძე იყო, 14 ქულა ჰქონდა ბაქარ ბერეკაშვილს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, გიორგი ოჩხიკიძეს – 13.
ჯგუფში პირველ ადგილს ორიდან ორი მოგებით რუმინეთი იკავებს, მეორე ადგილს კი საქართველო და ესტონეთი ინაწილებენ. ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ივლისს ბულგარეთთან ჩაატარებს.