კალათბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გამართა. მისი მეტოქე უნგრეთი იყო. ურთიერთშეხვედრამდე ამ გუნდებს სამ-სამი მოგება ჰქონდათ და გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უნგრელთა გამარჯვებით დასრულდა – 68:62.
პირველი ტაიმი მადიართა უპირატესობით წარიმართა და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 38:26. მეორე ნახევარში ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით სხვაობა ნელ-ნელა შეამცირა, ხოლო მესამე პერიოდის ბოლოს დავით ფაჩულიას ჩაგდებული ორი სამქულიანის შემდეგ უნგრელებს გადაასწრო კიდეც.
მეოთხე რაუნდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გადამწყვეტ მომენტში უფრო ზუსტი უნგრეთის ნაკრები იყო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.
ჩვენს გუნდში ყველაზე მეტი, 17 ქულა (10 მოხსნა) დავით ფაჩულიამ ჩააგდო, რომელმაც 8-დან 4 სამიანი გამოიყენა. მათე ხატიაშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 6 პასია, მათე ყავლაშვილს 11 ქულა ჰქონდა.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები C ჯგუფის პირველადგილოსან ნიდერლანდებს შეხვდება. მატჩი 31 ივლისს გაიმართება.