კალათბურთი | საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები C დივიზიონის ნახევარფინალშია #1TVSPORT

12:45, 10.07.2026

მალტაში მიმდინარე FIBA U16 ქალთა ევრობასკეტის C დივიზიონში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის შეხვედრებს მალტა 7-დან 12 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. ტურნირში სულ 7 ეროვნული გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი:

A ჯგუფი: საქართველო, მალტა, კოსოვო.

B ჯგუფი: ალბანეთი, სომხეთი, მოლდოვა, გიბრალტარი.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა A ჯგუფში დაძაბული შეხვედრით დაიწყო — 7 ივლისს გამართულ სადებიუტო მატჩში ტურნირის მასპინძელ მალტასთან 59:61 დამარცხდა.

მეორე სათამაშო დღეს ქართველმა კალათბურთელებმა კოსოვოს ნაკრები დიდი სხვაობით, 77:39 დაამარცხეს.

კოსოვოსთან მატჩის სტატისტიკა: ლიზი ხუბუა (15 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა), ლიზი ჯაბუა (13 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა), მარიამ ცერცვაძე (11 ქულა), ნინი ივანიძე (10 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა), ელენე კალანდარიშვილი (9 ქულა), ბაია ზურაბიშვილი (9 ქულა, 5 პასი, 5 ჩაჭრა), მარიამ კეკელია (8 ქულა, 6 მოხსნა).

A ჯგუფიდან ნახევარფინალში ორი საუკეთესო გუნდი გადის. რადგან საქართველოს 1 მოგება და 1 მარცხი აქვს (3 ქულა) და ბურთების ბალანსიც გვარიანად პლუსებშია, ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდა.

ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან — A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო A ჯგუფის მეორეადგილოსანი B ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შესაბამისად, გიორგი გოლიაძისა და მაია ჩარგეიშვილის გაწვრთნილი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ნახევარფინალურ მეტოქეს A და B ჯგუფების დასკვნითი მატჩების დასრულების შემდეგ შეიტყობს.

ტურნირის დებულების თანახმად, C დივიზიონის გამარჯვებული ჩემპიონის ტიტულთან ერთად მიიღებს B დივიზიონის საგზურს.

მსგავსი