კალათბურთი | პარიზის ოლიმპიადაზე ნახევარფინალში ამერიკა - სერბეთს, ხოლო გერმანია საფრანგეთს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან აშშ-სერბეთი და გერმანია-საფრანგეთი.
ამერიკის „ოცნების გუნდმა“ იოლი გამარჯვება მოიპოვა მეოთხედფინალში – ბრაზილია 122:87 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი დვეინ ბუკერმა ჩააგდო – 18 ქულა, ლებრონ ჯეიმსს კი ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა – 12 ქულა, 9 პასი.
ნახევარფინალში აშშ-ის მეტოქე სერბეთი ავსტრალიასთან პირველ ტაიმში 24 ქულით აგებდა, თუმცა მეტად დრამატულ მატჩში, ოვერტაიმში 95:90 იმარჯვა. ავსტრალიელთა ლიდერად 35 წლის პატი მილსი მოგვევლინა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, ხოლო სერბეთის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ნიკოლა იოკიჩმა ითამაშა: 21 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი.
ასეთივე დაძაბული გამოდგა გერმანისა და საბერძნეთის დაპირისპირება. თავიდან საბერძნეთი იგებდა, თუმცა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან საბოლოოდ მაინც ვერაფერი გააწყო და იანის ანტეტოკუნმპოს ოლიმპიური ოცნება კიდევ ერთხელ დაიმსხვრა. მან მატჩი 22 ქულით დაასრულა. გერმანის ნაკრების ბომბარდირი 18 ქულით ფრანც ვაგნერი გახდა.
გერმანიის მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთი იქნება, რომელმაც მეტად ორგანიზებული თამაშით კანადის ნიჭიერი ნაკრები 82:73 დაამარცხა. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი, 22 ქულა იაბუსელემ ჩააგდო, ხოლო კანადელთაგან შაი გულგეუს-ალექსანდერი გამოირჩა – 27 ქულა.
ნახევარფინალები 8 აგვისტოს გაიმართება.