კალათბურთი | „ორბმა“ 90 წამში ათქულიანი ჩამორჩენა გააბათილა [ვიდეო] #1TVSPORT

13:39, 02.11.2026

საინტერესო გამოდგა საკალათბურთო სუპერლიგის მეხუთე ტური, რომელშიც 9 ქულით ჩამორჩენილმა „ახალციხემ“ დარჩენილ 105 წამში მოახერხა თსუ-ს დამარცხება, მეორე დღეს კი „ორბმა“ „ბლექ ფორტრესს“ 90 წამში 10 ქულა გაუბათილა და გაიმარჯვა.

მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით: ბოლო პერიოდის დასრულებამდე 1:39 წუთით ადრე „ორბი“ 67:77-ს აგებდა. ჰენრი ვეტერმა სამქულიანი რომ ჩააგდო, საფინალო სირენამდე 88 წამი იყო.

ეს სამიანი იყო ზღვაში წვეთი, რადგან „ბლექ ფორტრესს“ 7-ქულიანი ფორა და შეტევა დარჩა. მჭიდრო პრესინგით ტყიბულელებმა ბურთი ჩაჭრეს და ჯიმი ბელმა ეგრედ წოდებული AND1 (2+1) მიითვალა – 73:77. სტუმართა მხრიდან ლუკა კალატოზიშვილმა სერგი ნინუას პასით საშუალო მანძილიდან იხეირა და ფორტრესელები მატჩის დასრულებამდე 46 წამით ადრე 6 ქულით დაწინაურდნენ. „ორბის“ კაპიტანმა ბექა ლომაშვილმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი 35 წამით ადრე ჩააგო, ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა და მასპინძლები ისევ პრესინგზე გადაერთნენ. ამან გაჭრა, „ორბმა“ ბურთი მოიპოვა და გამთანაბრებელი სამქულიანი ჰენრი ვეტერმა სირენამდე 4.2 წამით ადრე ჩააგდო.

ყველა ოვერტაიმზე ფიქრობდა, თუმცა იმავე კალატოზიშვილმა სამწამიანში მიღებული ბურთი კარგად დაამუშავა და კაუჭით ორქულიანი მიითვალა. ეს მოხდა სირენამდე 0.4 წამით ადრე და ჩაგდებული ბურთი მისმა ავტორმა ისე აღნიშნა, თითქოს ყველაფერი დასრულდა. სანამ მსაჯები ვიდეოგამეორებაზე დროს აზუსტებდნენ, „ბლექ ფორტრესი“ ზეიმობდა. ვიდეოანალიზის შემდეგ არბიტრებმა დრო 1.2 წამამდე ასწიეს, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, მატჩის გმირ ჰენრი ვეტერს საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების სამქულიანი ჩაეგდო – 82:81.

„ორბის“ რიგებში გამოირჩნენ: ჰენრი ვეტერი (22 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი), ჯიმი ბელი (14 ქულა, 10 მოხსნა), ბექა ლომაშვილი (13 ქულა) და დავით ტრაპაიძე (10 ქულა). რაც შეეხება „ბლექ ფორტრესს“, გუნდს ულიდერეს: ლუკა კალატოზიშვილმა (22 ქულა, 16 მოხსნა), სერგი ნინუამ (15 ქულა, 8 პასი), დელანო სპენსერმა (16 ქულა, 7 პასი) და ვახტანგ ქადარიამ (12 ქულა).

მსგავსი