კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი თბილისში, უკრაინასთან მატჩით გახსნა. „ჯვაროსნები“ 9 ათასი გულშემატკივრის წინაშე დაძაბულ ბრძოლაში 79:92 დამარცხდნენ.
შენგელია
საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. ქართველ კალათბურთელებს კარგად მოეხსენებათ, რას ნიშნავს ასეთი დონის ტურნირში თამაში. ეს კარგად იცის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამაც და ისიც, რა მნიშვნელობა ჰქონდა უკრაინასთან მოგებას მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე.
სწორედ ამიტომ, კლუბს, „ბარსელონას“ დააშვებინა პრეცედენტი, რომ ნოემბრის ფანჯარაში ნაკრებში გამოეშვა. აქამდე არც ერთ ბარსელონელს ნოემბერში ესპანეთის ნაკრებში ნათამაშები არ ჰქონდა, რადგან ევროლიგა არ ითვალისწინებს ფიბა-ს კალენდარს და თამაშებიც ერთმანეთს ემთხვევა.
26 ნოემბერს თოკომ ევროლიგაზე ითამაშა, 27-ში – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.
ვინაიდან შესარჩევი ეტაპის ორი ჯგუფის 8 გუნდიდან მუნდიალის საგზურს მხოლოდ სამი მოიპოვებს, თითო ქულას და თითო გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს.
აქვე შეგახსენებთ, პირველ ჯგუფში საქართველო, უკრაინა, დანია და ესპანეთი თამაშობენ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი გადის. თუმცა მიზანი არა მხოლოდ გასვლა, არამედ რაც შეიძლება მეტი მოგებით გასვლაა.
201
„ეს მატჩი განსაკუთრებულია. რაც ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, მას მერე უკრაინასთან შეხვედრაზე ყოველდღიურად ვფიქრობ. ეს იქნება ჩემი ბოლო მატჩი ქართველი პუბლიკის წინაშე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ნაკრებს შევაბერდი და ჩემი წასვლის დროა“, – უთხრა საქართველოს პირველ არხს გიორგი შერმადინმა, რომლისთვისაც უკრაინასთან დაპირისპირება 201-ე სანაკრებო მატჩი იყო.
გიორგის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ სამახსოვროდ გადასცა 202-ნომრიანი მაისური – შერმადინი ბოლო მატჩს 30 ნოემბერს ესპანეთში გამართავს და სანაკრებო კარიერასაც დაასრულებს. ეს მისი 202-ე თამაში იქნება.
მატჩის მსვლელობა
უკრაინის ნაკრებს აინარს ბაგაცკისი წვრთნის, რომლის გუნდები მეტისმეტი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა ვარსკვლავები. არც ამჯერად უთამაშია უკრაინას საბრძოლო შემადგენლობით, თუმცა უმთავრესად დაცვაში აგრესიული თამაშით გაიმარჯვა.
სწორედ აგრესიული თამაშის შედეგი იყო ის, რომ მეტოქეს ჩვენზე ორჯერ მეტი ჯარიმა ჰქონდა. თუმცა სწორედ ეს იყო ბაგაცკისის ჩანაფიქრი.
აღსანიშნავია მეტოქის გამთამაშებლის, ოლექსანდრ კოვლიარის კარგი თამაში, რომელიც ძალიან მაღალი სისწრაფით ავითარებდა შეტევებს და ქულებსაც უხვად აგროვებდა – საბოლოოდ 31 ქულაც ჩაიწერა.
დაბრუნება
საქართველოს ნაკრებში ტრავმის გამო ვერ ითამაშა ბაიერნელმა კამარ ბოლდუინმა. მის ნაცვლად კი 2023 წლის შემდეგ დაგვიბრუნდა თად მაკფადენი, რომელმაც გულშემატკივარს თავი კვლავ კარგად შეახსენა. მან 5 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 17 ქულით დაასრულა. საქართველოს ნაკრებში ყევლაზე მეტი, 22 ქულა დუდა სანაძემ მოაგროვა, თორნიკე შენგელიამ კი მატჩი 17 ქულით დაასრულა.
30 ნოემბერი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს ესპანეთში გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.