კალათბურთი | მათე ხატიაშვილმა „ბასკონიის“ 18-წლამდელთა გუნდის „ბარსელონასთან“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა #1TVSPORT
ესპანეთში მიმდინარე 18-წლამდე კალათბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე მათე ხატიაშვილის „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ 70:63 დაამარცხა.
„ბასკონიის“ წარმატებაში მთავარი როლი ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა. ხატიაშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – მან 18 ქულა, 5 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
აღნიშნული გამარჯვებით „ბასკონიამ“ შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ჯგუფში ოთხი გუნდი თამაშობს, ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქეები, „ბარსელონას“ გარდა, „ხუვენტუდი“ და „მეგა ბასკეტი“ არიან. შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის.
აღნიშნულ ახალგაზრდულ ტურნირზე მეორე ჯგუფში „რეალი“, „ვალენსია“, „ჟალგირისი“ და ტურნირის მასპინძელი „ჰოსპიტალეტი“ თამაშობენ.
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნოემბერში ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში შედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი მოთამაშე ევროლიგაში „ბასკონიის“ მთავარი გუნდის განაცხადშიცაა.