კალათბურთი | ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა პირველ არხზე #1TVSPORT
ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. თებერვალში ჩვენმა გუნდმა თბილისში დანია დაამარცხა, რის შემდეგაც ევრობასკეტი 2025-ის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
ფიბა-მ წილისყრის წინ გუნდები რეიტინგის მიხედვით კალათებში გადაანაწილა. სულ ექვსი კალათაა და საქართველო მეოთხეში მოხვდა.
I კალათა: სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი
II კალათა: ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი
III კალათა: იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი
IV კალათა: ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი
V კალათა: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი
VI კალათა: შვედეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი
ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები ოთხი ქვეყნის ოთხ ქალაქში გაიმართება – რიგაში (ლატვია), ტამპერეში (ფინეთი), ლიმასოლსა (კვიპროსი) და კატოვიცეში (პოლონეთი).
ცნობილია, რომ A ჯგუფის მასპინძელია ლატვია, B ჯგუფის – ფინეთი, C ჯგუფის – კვიპროსი, ხოლო D ჯგუფის – პოლონეთი. თითოეულ ჯგუფში თითოეული კალათიდან ერთი გუნდი მოხვდება.
ევროპის ჩემპიონატის თითოეულ მასპინძელ ქვეყანას ერთი პარტნიორი ქვეყნის არჩევა შეეძლო, რომელთან ერთადაც ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ლატვიამ ესტონეთი აირჩია, ფინეთმა – ლიეტუვა, კვიპროსმა – საბერძნეთი, პოლონეთმა კი – ისლანდია.
ფიბა-მ ასევე გამოაცხადა ახალი შეზღუდვის შესახებაც. სახელმწიფოებს შორის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კვიპროსის ჯგუფში ვერ მოხვდება თურქეთის ნაკრები, რომელიც საქართველოსთან ერთად მეოთხე კალათაშია განთესილი.
ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 14 სექტემბერსაა დაგეგმილი.