კალათბურთი | ალექსანდარ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია – მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ის 24 მოთამაშე დაასახელა, რომლიდანაც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ძირითად შემადგენლობას შეარჩევს. გაფართოებულ შემადგენლობაში, ნაკრების გამოცდილ ლიდერებთან ერთად, ახალი სახეებიცაა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 27 ნოემბერს დაიწყება. საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია მოხვდნენ, მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი 3 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში 2 მატჩს ჩაატარებს – 27 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30 ნოემბერს ტენერიფეში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
თად მაკფადენი (მენიორკა), რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე (ვსა), ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), მათე ხატიაშვილი (ბასკონია), ლუკა ალავიძე (ქუთაისი), დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი), სანდრო სანაძე (მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია), გიორგი კობახიძე (მარგვეთი), კახა ჯინჭარაძე (ტადამონ ჰრაჯერი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი), თორნიკე შენგელია (ბარსელონა), ბექა ბურჯანაძე (გრანადა), გიორგი კორსანტია (გიპუსკოა ბასკეტი), ალესანდრე მერკვილაძე (არისი), გუგა პატაშური (რუსთავი), ილია ლონდარიძე (ორბი), ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი შშერმადინი (ლაგუნა ტენერიფე), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი).
ნაკრები თბილისში 20 ნოემბერს შეიკრიბება. მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თავდაპირველად სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ივარჯიშებენ და ნაკრებს დღითი დღე ლეგიონერები შეუერთდებიან.
24-კაციან სიაში 4 ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ნაკრებში პირველად გამოიძახეს – ლუკა ალავიძე („ქუთაისი 2010“), გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული (ორივე ზესტაფონის „მარგვეთი“) და ლუკა კალატოზიშვილი (ვსა). ალექსანდრე მერკვილაძე ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშის გამო ვარჯიშებზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. ახლა მერკვილაძე ბერძნულ „არისში“ ასპარეზობს და ეროვნულ ნაკრებში დაუბრკოლებლად ჩამოვა.
ნაკრებში გამოძახებული იყვნენ, მაგრამ ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ იქნებიან „ბათუმი 2010“-ის წევრი გიორგი ოჩხიკიძე და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, მიუნხენის „ბაიერნის“ უკანახაზელი კამარ ბოლდუინი. ნატურალიზებული მოთამაშის ერთი ადგილი თად მაკფადენმა დაიკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 2018-2023 წლებში იცავდა. მაკფადენი ცოტა ხნის წინ სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდა და ბოლდუინის ტრავმის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა მისი გამოძახება გადაწყვიტა.
გაგაცნობთ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატს: პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო (ჯგუფურ) ეტაპზე გავა, სადაც ასევე 3 საუკეთესო გადმოვა სხვა ჯგუფიდან და შედგება 6-გუნდიანი ჯგუფი. პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ (მატჩები 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება). საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები (ჯამში – 12) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
gbf.ge